აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ზეწოლას ახორციელებენ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შესაძლოა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ", _ წერს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა სტატიაში სახელწოდებით "ევროკავშირის პოლიტიკური კონიუქტურა", რომელიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შამბას სტატიის მიხედვით, "აშშ და ევროკავშირი აშინებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან განიხილონ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი, თუმცა მათ არ ესმით, რომ სხვა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისთვის უკვე აღარ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი".
შამბა მიიჩნევს, რომ "ორი ყველაზე მთავარი საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, აფხაზეთს რუსეთთან ერთად შეუძლია".
"პატარა აფხაზეთს დიდი რუსეთი მისცემს ყველა იმ შესაძლებლობას, რომ მან ეს საკითხები მოაგვაროს. მაგრამ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ზუსტად ასეთივე ურთიერთობა დავამყაროთ სხვა მეზობლებთან _ მაგალითად, თურქეთთან და ევროკავშირთან", _ წერს შამბა და იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა აფხაზეთის მიმართ იმთავითვე არაკონსტრუქციული პოზიცია აირჩია, რადგან ერთმნიშვნელოვნად უარყო აფხაზი ხალხის უფლება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.
"ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის უკვე დიდი ხანია, თან ამას პრინციპულად და თანამიმდევრულად ვახორციელებთ. მთელი ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით ერთადერთი ხალხი, რომელიც ყოველი 10 წლის შემდეგ გამოსვლებს აწყობდა პოლიტიკური მოტივაციით. მზად ვიყავით, ჩვენი ისტორიული და სამართლებრივი არგუმენტები წარმოგვედგინა ევროკავშირისთვის, მაგრამ ევროკავშირს ეს არ აინტერესებს", _ წერს შამბა.
აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს ხდება იმის გამო, რომ "ევროკავშირი ობიექტური რეალობიდან კი არ გამოდის, არამედ პოლიტიკური კონიუქტურიდან".
შამბა მიიჩნევს, რომ "რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვა არ შეიძლება მხოლოდ 2008 წლის აგვიტოს კონტექსტში".
"ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დიდხანს გრძელდება, მოლაპარაკებათა პროცესიც კი გაეროს ეგიდით იმდენხანს მიმდინარეობდა, რამდენიც კოსოვოში _ 1993 წლიდან. ვერც აფხაზეთში და ვერც კოსოვოში მხარეები ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინტეგრაციაზე ყოფილიყვნენ თანახმა", _ წერს შამბა.
"კოსოვოსგან განსხვავებით, ჩვენ საბჭოთა კავშირის კანონის მიხედვით, გვქონდა უფლება საკავშირო რესპუბლიკისგან გამოვსულიყავით. ეს კანონი "პერესტროიკის" დროს იქნა მიღებული, მიხეილ გორბაჩოვის დროს. კოსოვოს იუგოსლავიის კონსტიტუციის მიხედვით არ ჰქონდა უფლება სერბეთისგან გამოყოფისა. ჩვენ კი საქართველოს შემადგენლობიდან, "სსრკ-ის შემადგებლობიდან საკავშირო რესპუბლიკის გამოსვლასთან დაკავშირებული საკითხების მდგომარეობის შესახებ კანონის" მიხედვით გამოვედით. ეს კანონი აძლევდა უფლებას ავტონომიურ რესპუბლიკებს, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში, თავად გადაეწყვიტათ სახელმწიფოებრივი სტატუსის საკითხი. სხვათა შორის, დაშლის საკითხი, არა აფხაზეთის, არად თავად საქართველოს მიერ იყო ინიცირებული", _ აცხადებს შამბა.
"ამის შემდეგ უკვე თავად დავიცავით ჩვენი ქვეყანა ქართული აგრესიისგან, თავად გავათავისუფლეთ იგი და თავად შევქმენით სახელმწიფოებრივი ხელისუფლების მოქმედი ინსტიტუტები. ყოველივე მოწმობს მხოლოდ იმას, რომ კოსოვოზე მეტი თუ არა, ნაკლები უფლება როდი გვაქვს იმისა, რომ დამოუკიდებელი ვიყოთ", _ ნათქვამია შამბას სტატიის დასასრულს.