"ალიანსი საქართველოსთვის" ზურაბ ნოღაიდელის პარტიის საგარეო კურსს არ ეთანხმება. სწორედ ამით ხსნიან ალიანსის წარმომადგენლები იმას, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე არ მივიდნენ.
"ჩვენი საგარეო კურსი და სტრატეგია განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, არ მიგვაჩნია აუცილებლად, სხვა პარტიების კურსის მოსმენას დრო დავუთმოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს "ალიანსის" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ერთადერთი, რაზეც ალიანსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებისთვის მზადაა, შიდაპოლიტიკური საკითხებია.
"მაგალითად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მზად ვართ კონსულტაციისთვის", - განმარტა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელის პარტიამ დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საკუთარი საგარეო კურსი გააცნო. შეხვედრაზე თითქმის 30-მდე ოპოზიციონერი იყო მიწვეული, თუმცა მხოლოდ "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" ლიდერები მივიდნენ.