(უმისამართო ბარათი, წერილი მეცხრამეტე)
ვინმემ უნდა თქვა კმარა... გვეყოფა... საკმარისია!.. ვინმემ უნდა თქვას, ანდა ვიღაცამ, სხვაგვარად ის "წრე" რომელზეც ვბრუნავთ არ დასრულდება!.. და იმ "ვიღაცას" ვინც ამას იტყვის, იტყვის საქმით და იტყვის ქმედებით, ბანი და ექო უნდა მისცეს მთამაც და ბარმაც, ერმაც და ბერმაც!.. მაგრამ ვინ არის ის "ვიღაცა" ვისაც ამისი თქმის აქვს "უფლება" და ძალაც შესწევს, რომ იმოქმედოს(?!) ვის ააქვს გონი, საიმისო გონი და ძალა, რომ ბრბოდ ქცეულ ერს შემოუძახოს, გამოაფხიზლოს, ძალა შემატოს, გზა გაუნათოს... ვის ერჩის ძალა საიმისოდ რომ "წრეზე მბრუნავთ" _ "მანქურთების" სარტყელდადებულთ, ერთიმეორეს საბელებით მიბმულ-გადაბმულთ, ფეხებზე ხუნდებ და ხელებზე ბორკილდადებულთ _ შთააგონოს, რომ მათ "ძალასაც" შესწევს ძალა "მოხნას აღმართი"!.. მით უფრო მაშინ, თუკი ამ "აღმართს" დაუკარგავს კაცისა და ღვთის სამართალი... მით უფრო, თუკი ამ "აღმართზე" სარეველები ხარობენ მხოლოდ(!)
* * *
გამოსავალის ძიებას უამრავ გატკეპნილ და გაუკვალავ გზებზე შეუძლია გაიყვანოს და გატაროს... გატაროს დაუსრულებლად და ცრუ გამოსავლის ლაბირინთში ისე ჩაგხლართოს, რომ საღ აზრამდე ვერ მიაღწიო... შეუძლია უმარტივეს გზაზეც გაგიყვანოს და გამოსავალიც ერთი ხელის გაწვდენაზე დაგანახოს... მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა, თუკი მას გამოსავლის ძიების სურვილით დაადგები, უნდა გახსოვდეს, რომ ამ გზაზე დაღლა კაპიტულაციის გამოცხადების ტოლფასია... კაპიტულაცია კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მარცხის აღიარება და ამ მარცხთან შეგუება(!) საკუთარ თავთან და თავში დამარცხებული "დაბრუნება" კი, ერთერთი იმ "სიკვდილთაგანია", რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს არაერთგზის კლავს რეალური სიკვდილის დადგომამდე(!) წამით შესვენებას წამით შეჩერება მოჰყვება, წამით შეჩერებას წამით ჩათვლემა მოსდევს, წამით ჩათვლემილს კი, შესაძლოა წამში აღარ გაგეღვიძოს და საღათას ძილს მიეცე სამუდამოდ; თუნდაც იმიტომ, რომ საუკუნოდ დაძინებაც სწორედ წამითი დაძინებით იწყება!
* * *
გუშაგს გუშაგის სიფხიზლე მართებს, მეციხოვნეს მეციხოვნის, მაგრამ ამაოა მათი "ფიზიოლოგიური" სიფხიზლე, თუკი ადამიანის გონსა და ემოციას, ანუ იმას "სძინავს" , რასაც იცავენ(!) გამუდმებით გამოსავლის ძებნასა და გამუდმებით ხელმოცარულობას იმედგაცრუება მოაქვს. იმედგაცრუება კი, ერთგვარი გზაგასაყარია, რომელსაც ან უიმედობა მოაქვს და, ან ახალი იმედები. Uუიმედოდ ცხოვრებაც "ხარაკირია", ანუ ერთერთი სახეობაა იმ "სიკვდილთაგან", რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს კლავს რეალური სიკვდილის დადგომამდე. ახალ იმედებს კი, თუ მათ "საარსებო მინიმუმიც" არ გააჩნია, მკვრადშობილი იმედი ჰქვია, "იმედების სასაფლაოსთვის" იმთავითვე განწირული. ამიტომაც არის გამოსავლის ძიებისთვის იმედი ასე სასიცოცხლოდ და ამავდროულად, ასევე სახიფათოთდ მნიშვნელოვანი! მიზნამდე, რომელსაც გამოსავლის მოძებნა ჰქვია, მისასვლელი ვართ... იქ მისულებს კი, დიდი გზა გვაქვს კვლავ გასასვლელი - ამ გზაზე ყველა "დავეტევით", "ფინიშამდე" ყველა მივალთ!.. ყიჟინასაც ყველა დასცხებს, და გამარჯვებასაც იზეიმებს სუყველა ერთად... მაგრამ "სტარტი", მთავრია იმის განსაზღვრა "სტარტს" ვინ იღებს, ანუ ვინ იწყებს, ვინ დგას წინამძღვრად(?!) არც მარტო კაცი, თუნდაც გმირი და არც "მასების" ერთობლიობა... რაღაც სხვაა მოსაძებნი _ სხვა ერთობა, სხვა "ლაშქარი", სხვა "ამქარი", სხვა "სტრატეგია" _ რომ ერთმანეთი არ გადავთელოთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და არც მარტო კაცს შევატოვოთ ყველა მისია!
* * *
საუკუნეების გამოცდას გაუძლო იმ სიბრძნემ, რომ "ძალა ერთობაშია", მაგრამ რატომღაც დაგვავიწყდა ყველას ის საფრთხე _ კეთილის მსგავსად, ბოროტ ძალებსაც რომ შეუძლიათ გაერთიანდნენ(!) მათი ერთობა სახეზეა _ "ერთობის ძალას" ემატება ძალა გაღმიდან, გამოღმიდან, ძალა შიგნიდან, და ბოროტ ძალთა ერთობლიობას ვეღარ ვერევით(!) "ძალა ერთობაშია", ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ რატომღაც დაგვავიწყდა იმ იგავის შინაარსი, რომელმაც ეს სიბრძნე დაბადა _ ისრების კონის გადატეხვა მხოლოდ მათი რაოდენობის გამო არ იყო შეუძლებელი. თითოეულ ისარს თავისი ძალა და სიმტკიცე ჰქონდა და, სწორედ მათი ძალების ერთობლიობამ აქცია ისრების კონა დაუძლეველად. სხვა შემთხვევაში მათი რაოდენობა გაცილებით მეტიც რომ ყოფილიყო, ვერასდროს მიგვიყვანდა იმ სიბრძნემდე, რომ "ძალა ერთობაშია"(!) დღესაც ასეა, გუშინაც ასე იყო და ხვალეც ასევე იქნება _ ძალის ერთობლიობას ერთმანეთის საპირწონე, შემავსებელ და გამაძლიერებელ ძალთა შეკრება ქმნის, და არა ძალასა და სიმტკიცეს მოკლებულ სუბიექტთა ქაოსური და არათავსებადი გაერთიანება(!)
* * *
როდესაც პატრიარქის ქადაგებას ვუსმენ, რაც არ უნდა დიდი ინერციით მივექანებოდე იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთილებისაკენ, დაღმართზე დაგორებული კენჭივით პირველსავე ყორემორღვეულ ნასაყრდალთან ვჩერდები და ქვასაც რომ აატირებს ისეთი სინანული მეძალება საკუთარი უსუსურობის გამო. ძალაცა და მადლიც ერთდროულად მეძლევა. იმასაც ვაცნობიერებ ერსაც და ბერსაც ერთი საზრუნავი, ერთი სამშობლო რომ გვაქვს, მაგრამ გამოხატვისა და ქმედების ფორმები გვაქვს სხვადასხვა _ როგორც ბერის ანაფორა და მეომრის აბჯარი, ისე განსხვავდება ეს ფორმები ერთმანეთისაგან. და, თუ ვინმე ბერსგან აბჯრის ჩაცმას ითხოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ შეუძლია აბჯრის ტარება(!) ამის მიუხედავად არ მიკვირს იმ ხალხის, ვინც ფიქრობს, რომ შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება, თუკი თვით პატრიარქი მოგვიწოდებს სამოქალაქო აქტივობით, სამშობლოს დაცვისა და სამართლიანობისათვის ბრძოლისაკენ... არ მიკვირს, მაგრამ როგორც ერთერთ "უძღებ შვილთაგანს" მაინც მჯერა, რომ თუ ფარისეველი არ ხარ და ამ ბრძოლაში შენს თავს და ადგილს ხედავ, თუ ამ ბრძოლიში ყოფნის გამბედაობა და ძალა შეგწევს, მაშინ პატრიარქისგან დალოცვაც საკმარისად უნდა მიგაჩნდეს!
* * *
როდესაც ჭაბუა ამირეჯიბის წინასაახალწლო მოწოდება და არა მილოცვა წავიკითხე, სადაც ყველა ფრაზას ზარების ჩამორეკვის ჟღერადობა ჰქონდა, ყივჩაღის ნასროლი ისარივით მტკივნეულად მომხვდა ბოლო ამოოხვრა და ამოთქმა _ "ჭკუით ქართველებო, გადაარჩინეთ საქართველო!" კაცი, რომელმაც "დათა თუთაშხია" დაგვიწერა და რომლის იქეთაც თითქოს არც სათქმელი და არც დასაწერი აღარაფერი დარჩა, ჩვენივე უგნურობით "ვაიძულეთ" არანაკლები წონადობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორი ფრაზაც დაეწერა ჩვენთვის _ ჯერ იყო "დაიცავი საქართველო", დღეს გვაქვს "გადაარჩინეთ საქართველო"! როგორც წესი, "დაცვა" გადარჩენილს სჭირდება, მაგრამ ჩვენ იმდენად ვერ შევძელით საქართველოს დაცვა, მაშინ როცა ის ჩვენგან მხოლოდ დაცვას მოითხოვდა, რომ ახლა არა მხოლოდ დასაცავი, გადასარჩენიც გაგვიხდა(!)
* * *
როდესაც ერის სულიერი მამისაგან დალოცვას, ერის გონისმიერი წინამძღოლისგან კი, შეგონებას არ ხარ მოკლებული; როდესაც ერთი სულს, მეორე კი - გონებას გინათებს, რიგითი მეციხოვნეობა და მეომრობა როგორ ვერ უნდა შეძლო? როგორ ვერ უნდა მოიპოვო ელემენტარული, ანუ ღირსების მქონე მოქალაქის "სტატუსით" ცხოვრების უფლება? ეს ის კითხვაა, რომელიც გამუდმებით ითხოვს პასუხს... პასუხის ძებნა კი, არსებული ეპოქისა და რეალობის გათვალისწინებით, ასევე გაიძულებს აღიარო, რომ "საქართველოს გადარჩენა" რეალურად პოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობს და ითხოვს! P პოლიტიკური ცვლილება კი, რაც არ უნდა დალოცვილი და გონგახსნილი იყო, რაც არ უნდა მზად იყო ბრძოლისა და თავგანწირვისათვის, პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკოსების გარეშე არ კეთდება! აი, აქ კი არჩევანი კარგსა და ცუდს შორის ნამდვილად არ გაქვს, რადგან ყველა "სცენარი" გათამაშებულია და ყველა მეტნაკლებად კომპრომიტირებულიაა _ ყველას აქვს, ვის ერთი და ვისაც ათი "აქილევსის ქუსლი"!
* * *
ვინ ვისთან დადგება და ვინ ვისთან არა, ამის განსაღვრას მხოლოდ მორალური კატეგოერიებით, ხშირად პოლიტიკურ სიბეცესთან მივყავართ... და თუ კარგად დავფიქრდებით, იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ _ ის, რაც არაერთგზის "შემოგვასაღეს" ყველაზე მორალურად, შედეგით ყველაზე "ამორალურის" დასაბამიც გამხდარა! გულზე ამაოდ დამაშვრალი მჯიღის დარტყმაც ბევრის გვინახავს და ცრუ ამბორიცა და დაქადნებაც... "ბოლო წვეთამდე ბრძოლის" გამოცდილებაც გვაქვს, სადაც წვეთი სისხლი კი არა, ოფლიც არავის დაუღვრია... "სუფთა ხელების ფილოსოფიაც" ჩვენს თვალწინ გაუფასურდა, რადგან იმდენჯერ აფათურეს კულისებს მიღმა "პოლიტიკურ სიბინძურეში" ვიდრე ტალახიანი ნათითურები ერთმანეთს არ შეაწმინდეს... მოკლედ "არადანი" "არჩევანის" გარეშე არ არსებობს და "არჩევანი " ასარჩევის გარეშე!
* * *
"გადაარჩინეთ საქართველო"!.. გუშაგს გუშაგის სიფხიზლე მართებს, მეციხოვნეს მეციხოვნის, მაგრამ ამაოა ყოველგვარი "ფიზიოლოგიური" სიფხიზლე, თუკი ადამიანის გონსა და ემოციას, ანუ მათ "სძინავთ" , რასაც იცავენ! "ძალა ერთობაშია"!.. ძალის ერთობლიობას კი, ერთმანეთის საპირწონე, შემავსებელ და გამაძლიერებელ ძალთა შეკრება ქმნის, და არა ძალასა და სიმტკიცეს მოკლებულ სუბიექტთა ქაოტური და არათავსებადი გაერთიანება(!) თუ ფარისეველი არ ხარ და ამ ბრძოლაში შენს თავსა და ადგილს ხედავ, თუ ამ ბრძოლაში ყოფნის გამბედაობა და ძალა შეგწევს, მაშინ დაიჯერე, რომ შენს "ძალასაც" შესწევს ძალა "მოხნას აღმართი"!.. მით უფრო მაშინ, თუ ამ "აღმართს" დაუკარგავს კაცისა და ღვთის სამართალი... მით უფრო, თუკი ამ "აღმართზე" სარეველები ხარობენ მხოლოდ... უიმედოდ და უმოქმედოდ ცხოვრება თვითმკვლეობას ჰგავს, ანუ ერთერთი სახეობაა იმ "სიკვდილთაგან", რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს კლავს რეალური სიკვდილის დადგომამდე! "გადარჩინე საქართველო" და არ მოკვდე სიკვდილამდე...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი