"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, საქართველო საჭიროების შემთხვევაში ნეიტრალიტეტისთვის მზად უნდა იყოს.
"ჩვენ ნატოზე ჯვარი არ დაგვიწერია. ნეიტრალიტეტზეც თანახმა ვართ, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება", - განუცხადა ნოღაიდელთან შეხვედრაზე მისულმა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "ჯერჯერობით, საქმით ჩანს, რომ რუსეთს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაქრობა არ სურს".
"თუ რუსეთს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რაციონალური პოლიტიკა ექნება და ჩამოაყალიბებს თავის მოთხოვნებს, თუ მას არ სურს საქართველოს გაქრობა, როგორც სახელმწიფოს, რაც საქმით ჯერჯერობით ასეც ჩანს, მოვისმენთ მათ პირობებს", - განმარტავს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პოლიტიკურ პარტიებსა და ექსპერტებს ამ წუთებში საკუთარ საგარეო კურსს აცნობს. ყველა ოპოზიციონერის მიწვევის მიუხედავად, ზურაბ ნოღაიდელის მიპატიჟება მხოლოდ კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ მიიღეს.