რუსეთის ახალი ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წლის აგვიტოში დაინიშნა კიევში დღეს ჩავიდა. დიპლომატიური ეტიკეტის თანახმად ახალმა ელჩმა პირველ რიგში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიაკითხოს და რწმუნებათა სიგელები უნდა წარადგინოს. ამის შემდეგ უკვე მას ელჩის მოვალეობების შესრულება დე-ფაქტო შეუძლია. ხოლო რწმუნებათა სიგელების პრეზიდენტისათვის წარდგენის შემდეგ მას ელჩის მოვალეობის შესრულება უკვე დე-იურე შეეძლება.
ამას გარდა, უკრაინაში ჩასულმა რუსეთის ახალმა ელჩმა ზურაბოვმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მუშაობა უკრაინაში შედეგის მომტანი იქნება. განცხადება ზურაბოვმა უკრაინულ ენაზე გააკეთა.
"ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტსა და რუს ხალხს წარმოვადგენდე",_ განაცხადა ზურაბოვმა და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთ-უკრაინულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და "მზადაა ამ პოტენციალის რეალიზებისათვის".
შეგახსნებთ, რომ აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში მედვედევმა იუშჩენკოს რუსეთის მიმართ არამეგობრული პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი და შეახსენა თავისი გადაწყვეტილება _ ჯერ ჯერობით უკრაინაში რუსეთის ელჩი არ გააგზავნოს.