ორგანიზაციამ „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" (International Budget Partnership) სახელმწიფო ბიუჯეტების ღიაობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 85 ქვეყანას შორის საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჩამორჩება კორეას, პერუს, რუსეთს, უკრაინას, მაკედონიას და ა.შ.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ბიუჯეტების გამჭვირვალობის კვლევას და შეფასებას 2006 წლიდან, 85 ქვეყანაში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. კითხვარი ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემაზე ასზე მეტი შეკითხვისგან შედგება. კითხვარს ქვეყნიდან ერთი ექსპერტი ავსებს და ორი ესქპერტი ამოწმებს. საქართველოში კითხვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი თამარ ქაროსანიძე ავსებს.
„2006 - 2008 წლებში საქართველოს ქულა აჩვენებს, რომ მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტზე არასრულ ინფორმაციას აწვდის. სახელმწიფო ბიუჯეტი არის მხოლოდ ნაწილობრივ გამჭვირვალე და მთავრობა ნაკლებად ანგარიშვალდებულია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ ქაროსანიძემ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნების 80%-ში მოქალაქეები არ იღებენ მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში (ბიუჯეტის დაგეგმვა, აღსრულება, მონიტორინგი). გამოკითხული 85 ქვეყნიდან 41 ქვეყანაში ბიუჯეტზე მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 85 ქვეყნიდან 23 ქვეყანაში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაეცნონ ბიუჯეტს მანამ, სანამ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა" ასკვნის, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა უშუალო კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან.