ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კავკასიურ ტურნეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნაკლებ სავარაუდოა სახელმწიფო მდივნის ტურნე ირანთან კონფლიქტის დაწყებისთვის მზადების პროცესს უკავშირდებოდეს. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის საკითხები უფრო სხვა სტრუქტურების კომპეტენციაა.
,,ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ ქალბატონი კლინტონი დაკავებული იყოს ასეთი საკითხებით და ამ მიზნით კარდაკარ რეჟიმში მოგზაურობდეს სამხრეთ კავკასიაში. ეს საკითხი უფრო თავდაცვის უწყების პრიორიტეტი გახლავთ და ასეთ ,,ჩამოტარების რეჟიმში" საკითხის შეთანხმება, მითუმეტეს როცა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვს არცთუ მარტივი დამოკიდებულება მეზობელ რუსეთთან არა მგონია, ეს ინფორმაცია სინამდვილესთან ახლოს იყოს", _ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერევანმა შესაძლოა ცალსახა პოზიცია დააფიქსიროს.
,,ასეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად არსებობს დაზვერვა, დიპლომატია. ასეთ თვალსაჩინოდ გამჟღავნება საკუთარი ინტერესისა თუნდაც ამ ვითარებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ერევანმა აშშ-ს თანხმობაც, რომ უთხრას რეალურად ეს თანხმობის გატარებას არ ნიშნავს, ან უარის შემთხვევაში რეალურად არ ნიშნავს უარყოფით პასუხს. არა მგონია, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ არსებობდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქალბატონი კლინტონი, როგორც იგი აცხადებს, შემოდგომიდან დიდი პოლიტიკას ემშვიდობება", - განაცხადა ცისკარიშვილლმა.
შეგახსენებთ: პოლონურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: კლინტონის ვიზიტის კავკასიური ტურნე ირანზე თავდასხმისთვის მზადებას უკავშირდება.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ აშშ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ირანთან კონფლიქტისთვის ამზადებს. ამასთან კლინტონისთვის სომხეთში ჩასასვლელად არჩევნები მხოლოდ საბაბია. და რეალურად კლინტონს სომხეთთან მხოლოდ ერთადერთი კითხვა აქვს: ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში ერევანი ღიად დაუჭერს მხარს რუსეთს, თუ შეინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას.