პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აფხაზეთთან პოლიტიკური კლიმატის შესაცვლელად რეკომენდაციები ბევრჯერ გამოქვეყნებულა, თუმცა ხელისუფლებას რჩევები არ გაუთვალისწინებია.
"ამდაგვარი ზოგადი რჩევები აფხაზეთთან პოლიტიკური კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებით დიდი ხანია უკვე არსებობს, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკას ამ რეკომენდაციების კვალი თითქმის არ დასტყობია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ არსებული კანონი "ოკუპირებულ ტერიტორიებთან" დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ, სახიფათო კანონია იმ მხრივ, რომ მხარეებს შორის სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და ურთიერთობას ართულებს. ამიტომ იმის მიუხედავად, თუ რა სტრატეგია გვაქვს აღებული კანონები უნდა იყოს შემუშავებული. თუ კონფრონტაციის გზით მივდივართ, მაშინ ეს კანონი დამამარცხებელია, მაგრამ არცერთი ჩვენი პარტნიორი მხარს არ უჭერს კონფრონტაციას და ყველა გვირჩევს მოლაპარაკებების, ურთიერთობების აღდგენას და სიტუაციის დარბილების სტრატეგიას. თუმცა არსებული კანონი ამ რჩევებს ეწინააღმდეგება", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, აშშ-ის ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვლენ, რომლებიც რუსეთზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენენ. თუმცა საყვარელოზე აცხადებს, რომ პუტინის რუსეთი ამ პრეცენდენტს არ დაუშვებს.
,,არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას აქვს იმის იმედი, დაუშვათ აშშ-ში ,,რესპუბლიკელები"მოვლენ ისინი ზეწოლას განახორციელებენ რუსეთზე. ხოლო რუსეთი თავის მხრივ, დამთმობი აღმოჩნდება მედლების მიმართ. ეს საბჭოთა დროინდელი აზროვნებაა, თითქოს, აშშ-ი არის ყველაზე ძლიერია და თუ კუთხეში დააყენებს რუსეთს ის ბოდიშს მოიხდის. საბჭოთა პერიოდში რუსეთი იყო მართლაც ასეთი მორჩილი დასავლეთის მიმართ, მაგრამ პუტინის რუსეთი აშკარად სხვა გზას ადგას", _ აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას კონფრონტაციის გზით მოაგვარებს, არაა გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში რუსეთმა აშშ-ის პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს ,,დაარტყას".
თუკი დაიძაბება აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობა არა, თუ დაემორჩილება ამერიკას რუსეთი, პირიქით, სავარაუდოა, რომ ამერიკის მეგობრებს ხელახლა დაარტყას. ისევე, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. ისე, რომ ამ კონფრონტაციუყლ პოლიტიკაში ეს რისკი დევს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" რამაზ საყვარელიძემ.
ევროკავშირი ურჩევს საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გადახედოს, - ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ,,ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის სამოქმედო გეგმის" განხორციელების მიმართულებით, თუმცა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამოყენება კითვხვის ქვეშ აყენებს ჩართულობის პოლიტიკის ეფექტურობას. ევროკავშირის რეკომენდაციას აძლევს საქართველოს უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების/კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით;
"გადადგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით; გადახედოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს; ,,ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის" შემოღება მისასალმებელი ნაბიჯია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე, თუმცა, სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მაცხოვრებელთა უფრო ფართო ფენის მიერ არ იქნება მისაღები, ის მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს. სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური მომსახურების შეთავაზება შერიგებისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია - საჭიროა მისი გაფართოება ისეთი წინაპირობების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიღების ვალდებულება", - ნათქვამია ანგარიშში.