ბათუმში, აბაშიძის 49 ნომერში მდებარე კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყო. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, შენობაში ამდრომდე თოჯინების თეატრი იყო განთავსებული. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გუბაზ ვარშალომიძე ამბობს, ძეგლს მხოლოდ მანსარდას დააშენებენ.
"პროექტი შეთანხმებულია, უკვე, გასულია კომისიაზე, ზემოდან ალბათ დაედგმება მანსარდის ვარიანტი, ფართის გადიდების მიზნით. 8 მეტრი და 40 სმ არის მანსარდის სიმაღლე. ფასადი იქნება აბსოლუტურად ხელუხლებელი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველანაირი კანონისდაცვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაო და დოკუმენტაცია არის აბსოლუტურად გამართული", - განაცხადა გუბაზ ვარშალომიძემ.
"ბათუმელები" წერს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია, რომ შენობა მაღალი არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა.
"შენობის თავდაპირველი, მარცხენა ნაწილი მდიდრულად არის გაფორმებული მოდერნის სტილის ელემენტებით. ნაგებობის საერთო გადაწყვეტა, ნაძერწი, თუ ნაკაწრი დეკორატიული ელემენტების ორიგინალური კომპოზიცია და დახვეწილი შესრულება, ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს მას", - მითითებულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერაა შედგენილი 2004 წელს.