ოსი სეპარატისტები 9 მაისს სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღლუმის ჩასატარებლად მზადება უკვე დაწყებულია ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს ე.წ სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა" ვალერი იახოვეცმა თიბილოვთან გამართულ თათბირზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვმა თავისი პირველი თათბირი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ჩაატარა.
"სიმბოლურია, რომ ჩემს პირველ თათბირს მე ძალოვაბი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ვატარებ, ვინაიდან ძირითადი პრობლემა, რომელიც რესპუბლიკაში გადასაწყვეტია კანონის უზენაესობასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.
ამასთან ერთად, ოსური მედიის ინფორმაციით, თათბირზე აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში ადგილი აქვს არასრულწლოვნების მონაწილებით დანაშაულის ზრდას.
"იანვრიდან დღემდე დარეგისტრირებულია 12 დანაშაული, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა ჩაიდინეს", _ განაცხადა თათბირზე ე.წ. შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ვალიევმა.