რუშბეი ბარციცზე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ძებნა გამოაცხადეს. 1959 წელს დაბადებულ ბარციცს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა და მისი პირადი დაცვის ორი წევრის მკვლელობა ედება ბრალად. ბარციცი გუდაუთის რაიონის ფოფელ დურიპშის მაცხოვრებელია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუშბეი ბარციცი გუდაუთის რაიონში მდებარე გადამამუშავებელი საწარმო კომპლექსის ერთ-ერთი თანამფლობელია, რომლის დამფუძნელებლიც, სწორედ ამავე საქმეზე დაკავებული ანზორ ბუთბაა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სტატუსით სულ ოთხი პიროვნებაა დაკავებული. ესენი არიან: ალხაზ ხუტაბი, რამზი ხაშიგი, მურთაზ საქანია და ანზორ ბუთბა. მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონოისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე მურთაზ საქანიამ თვითმჯვლელობა სცადა. მანამდე
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო.
ამასთან ერთად, სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ - აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად ანქვაბი გადარჩა, ხოლო მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.