ხვალ, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ თარიღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.
ამ დღეს რამდენიმე საათით ცნობილი ქართველი ავტორები გადაიქცევიან ბიბლიოთეკარებად; ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება „ვეფხისტყაოსნების" ყველაზე სრული კოლექცია; ოფიციალურად გამოცხადდებიან საქართველოს კანდიდატები ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო პრემიაზე; გაიხსნება საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეული; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებს აჩუქებს.
23 აპრილს, 13:00 საათიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზებში, მკითხველებს ბიბლიოთეკარის როლში ლიტერატურულ კონკურს "საბას" პრემიის ლაურეატები - გივი ალხაზიშვილი, დიანა ანფიმიადი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე, ბესო ხვედელიძე, მაკა მიქელაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბრეგაძე, ზურა ქარუმიძე, თამრი ფხაკაძე - დახვდებიან. ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პრემია „საბას" დამფუძნებლის, თიბისი ბანკის ერთობლივი აქცია.
16:30 საათზე საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური გამოცემების გამოფენა გაიხსნება. მათ შორის იქნება უიშვიათესი გამოცემები ქართულსა და უცხოურ ენებზე.
17:00 საათზე საბიბლიოთეკო კვირეული ოფიციალურად გაიხსნება. დასახელდება ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოს წარმომადგენელი ორი საბავშვო მწერალი ან ილუსტრატორი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილმა ჟიურიმ შეარჩია. ასევე დასახელდება დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები.
17:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებს აჩუქებს. ნიკოლოზ რურუას ეს ინიციატივა მკითხველს საშუალებას აძლევს, წიგნი არსებულთან შედარებით დაბალ ფასად იყიდოს შემდეგ მაღაზიებში: „წიგნები ვაკეში", „სანტა-ესპერანსა", „ლატერნა", „ლიბრა".