დღეს, 17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ტრადიციულად ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ,,ოქონობაზე" ჩვეულებისამებრ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყება, სადაც 9:00 საათიდან ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჩაატარებს. წირვის შემდეგ მრევლი საზეიმო მსვლელობით ქალაქის ქუჩებს შემოივლის.
12:00 საათზე სერგი მაკალათიას სახელობის გორის სახელმწიფო ისტორიულ-ენთოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული მუზეუმის ექსპონატები და გორის ფოტოები.
15:00 საათზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლი ,,დავა, გაყრა, ძუნწი ანუ როგორც გენებოთ" გაიმართება.
,,ოქონობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დღის ბოლოს გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში კონცერტი ჩატრდება. ღონისძიბაზე მუნიციპალიტეტის მოწვევით დოეტი ,,ჯორჯიას" იმღერებს.
,,ოქონობა" გორში წელს მეცხრედ აღინიშნება. დღესასწაული საუკუნეების წინ მივიწყებული ტრადიციაა, რომელიც სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა და გორელების საყვარელ დღესასწაულად იქცა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ოქონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. 2004 წლიდან კი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.