საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა უკრაინის სამართალდამცავებს ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის წევრების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს.
ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი უკრაინის ცესკოს მიერ გენერალური პოროკურატურისთვის ქართველი დამკვრვებლების საქმეების შესწავლის შესახებ დადგენილების მიღების ტაობაზე.
"სამწუხაროა, რომ უკრაინაში ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წევრების სტატუსში ეჭვი შეეპარათ და უკრაინის ცესკომ სამართალდამცველებს ჩვენს მიერ წარდგენილი დამკვირვებლების ვინაობის გადამოწმება დაავალა. ქართული მხარე მზადაა, მათ შესახებ უკრაინის მილიციას ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, უკრაინაში სადამკვირვებლო მისიით ძირითადად თბილისის საკრებულოს, პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ გაგზავნილნი.
"ეს იყვნენ კარგად შერჩეული პირები, რომლებსაც საარჩევნო დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ. უკრაინა ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა და სწორედ ამით იყო განპირობებული იქ ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფის წარგზავნით დაინტერესება", - განმარტა კალანდაძემ.