დღეს, 16 მარტს, 19 წელი შესრულდა ქარულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომში ქართველთა მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან, რომელიც ამ ომის მხოლოდ ერთ წარმატებულ ეპიზოდად დარჩა.
19 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, ღამის 03:00 საათზე, გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს არტილერიაც ცხილავდა. სოხუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გაჩაღდა. გაგრის დაცემის შემდეგ ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც, საქართველოს სამხედრო შტაბის მონაცემებით, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დაგეგმეს.
საავიაციო და საარტილერიო შეტევის შემდეგ დილის 05.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს.
აფხაზური მხრიდან ამ ბრძოლაში, აფხაზური შენაერთების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციაში გაერთიანებული ქვედანაყოფები, კაზაკები, დაქირავებულები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწორედ 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი - ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი.
ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვაკილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო.
დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან-ტექნიკასაც ჩართავდნენ. სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. თუმცა დილის 07:00 საათზე პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა სოხუმის გარეუბანში შეაღწიეს.
გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.
16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.
მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრშეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 15-16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა და მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
სოხუმის დაცვას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 23-ე ბრიგადის 1-ლი, მე-2, მე-3, და მე-6 ბატალიონების 137 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და 350-მდე ჯარისკაცი დაიჭრა.
როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მაშინ საქართველოს შეტევაზე გადასვლა და საკმაოდ დიდი ტერიტორიების ხელში ჩაგდება შეეძლო. თუმცა ქართული მხარე შეტევაზე არ გადასულა.
ეს იყო ქართველთა მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ქარულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომში მხოლოდ ერთ წარმატებულ ეპიზოდად დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ამ თარიღს სოხუმში სეპარატისტებიც აღნიშნავენ. ისინი დაღუპულ ბოევიკთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.