„ყვარელმა შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა. აქ იქნება ყველაზე უფრო მძიმე ბრძოლა არჩევნებისთვის, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ღირსების საკითხია", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ყვარელში „ქართული ოცნების" ოფისის გახსნის ღონისძიებაზე.
„აქ იბრძოლებენ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათთვის პრესტიჟის საქმე იქნება. აქ ბრძოლა იქნება იმაზე რთული, ვიდრე თბილისში, ბათუმსა და სიღნაღში, სადაც მიშა ასევე ხელჩართულ ბრძოლას გაგვიმართავს. აქ, სადაც მან ბუდე გაიკეთა და გადაწყვიტა, აი, რომ გავუშვებთ ოქტომბრიდან პენსიაში, მერე მოვა თქვენთან და თქვენი მეზობელი და მეგობარი გახდება. მიშა არ არის ერთადერთი მიზეზი, ზურა ადეიშვილი ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ არ დათმონ ყვარელი და ბევრი ადამიანია კიდევ პარლამენტში, ვისთვისაც შეიძლება პირადი თავისუფლების და უსაფრთხოების საკითხი იყოს, როგორი იქნება არჩევნების შედეგები ყვარელში. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. აქ თუ გადავტეხეთ ეს ხელისუფლება, აქ თუ მოვუგეთ ზურა ადეიშვილს, დანარჩენ საქართველოსაც გავათავისუფლებთ და ვერასდროს ვეღარ გაბედავენ იმას, რასაც დღეს უბედავენ ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.