პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენის ვადების კორექტურებას ითვალისწინებს, 103 ხმით ერთის წინააღმდეგ უკვე დაამტკიცა.
კენჭისყრას წინ ხმაურიანი დებატები უძღოდა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვდა იმის აღიარებას, რომ სააკაშვილმა კანონი დაარღვია. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ისინი კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, ვინაიდან სხვა გამოსავლი აღარ არსებობს, თუმცა მოითხოვდნენ იმის აღიარებასაც, რომ ახლა ვადების შეცვლა ხდება პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევის გამო და ეს არ კეთდება ოპოზიციისთვის _ როგორც ამას ხელისუფლება აპელირებს.
უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ვადებს მნიშვნელობა არ აქვს და ოპოზიცია არის პოლიტიკურად ანგაჟირებული.
"უნდა მოხდეს მთავრისა და არამთავრის გარჩევა. მთავარი არის ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნება ოპოზიციის მიერ და ვადებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
საბოლოო გადაწყვეტილებით, ერთი მოსმენით შეიცვალა ვადები და პრეზიდენტმა 18:00 საათამდე ცესკოს უნდა წარუდგინოს ცესკოს თვამჯდომარეობის სამი კანდიდატი, საიდანაც ერთს 14 იანვრამდე დაამტკიცებს ცესკოს ოპოზიციური ნაწილი.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 15 იანვარს გაიმართება. 15 იანვარსვეა დაგეგმილი ბიუროს რიგგარეშე სხდომა, სადაც რიგგაგრეშე სესიის დღის წესრიგი დამტკიცდება.