ხორვატიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ივო იოსიპოვიჩი გახდა.
სახელმწიფო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრანკო ხვრატინის განცხადებით გამარჯვებულს მხარი ამომრჩევლების 60,29%-მა (1 მილიონ 339 ათასი ადამიანი) დაუჭირა.
იოსიპოვიჩის კონკურენტმა, მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა, ზაგრების მერმა მილან ბანდიჩმა ხმების 39,71% მოაგროვა. ამომრჩევლების აქტივობამ კი 50,287%შეადგინა.
ხორვატიის ახალი, 52 წლის პრეზიდენტი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. იგი უნივერსიტეტის პროფესორი და ქვეყანაში საკმაოდ კარგად ცნობილი კომპოზიტორია.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან მილანოვიჩმა მეორე ტურის შედეგებს "პიროვნებისა და პარტიის გამარჯვება" უწოდა.