"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილება, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა უადვილდება, ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის აზრით საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ლექვინაძის აზრით, ასეთი რეგულირებით მთავრობა შეეცდება ბიზნესი წნეხის ქვეშ მოაქციოს.
„ფიქრობ ეს ცვლილება და ბოლო პერიოდში ბიზნესთან მიმართებში განხორციელებული ცვლილებები უკვაშირდება საარჩევნო პროცესს. ეს არის სახელმწიფო რეგულირების გაძლიერება, რომელიც წნეხის ქვეშ აქცევს ბიზნესს. ჩვენ რაც არ უნდა ლიბერალური გარემო და დაბალი გადასახედები შევთავაზოთ ინვესტორობს, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები მათ საქმიანიობაზე მხოლოდ და მხიოლოდ უარყოფითად აისახება"- აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი ლექვინაძე.
როგორც ცნობილია აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს და საჯარო სამართლის იურდიულ პირებს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა ექნებათ. შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის.
კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულს პირებს საშუალება ეძლევათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საგადასახადო ინფორმაცია გამოითხოვონ და შესაბამისად მიიღონ კიდეც.
მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, საგადასახადო აღრიცხვაზე მისი აყვანის მომენტიდან საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.
საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მიწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა.
მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებსა და სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს; სამართალდამცავ ორგანოებს; სასამართლოს; სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს -საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; აღსრულების ეროვნულ ბიუროს; სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს; კონტროლის პალატას - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
კანონპროექტით კი, აღნიშნულ ჩამონათვალს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ემატება, რომელთაც ეს ინფორმაცია მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უნდა სჭირდებოდეთ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და თეიმურაზ წურწუმია არიან.