პატიმრის მიერ სამი დღე-ღამის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაადგინოს. აღნიშნულს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია" ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
ინსტრუქციის თანახმად, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობისა.
ასევე, მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე, დირექტორის ბრძანებით იგი შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში.
თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის შემდეგ, სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე და შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დაუყოვნებლივ ხდება მისი გადაყვანა დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში და ამის თაობაზე ეცნობება დეპარტამენტს, ასევე შესაბამის პროკურორსა და მოშიმშილის ახლო ნათესავს.
ინსტრუქციაში ასევე აღნიშნულია, რომ მოშიმშილეს მიეწოდება საუზმე, სადილი და ვახშამი დადგენილი ნორმების მიხედვით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საკვების ყოველი მიწოდებისას კი მოშიმშილეს სოციალური მუშაკის მიერ განემარტება საკვების მიღების აუცილებლობის შესახებ. საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ კეთდება შესაბამისი აღნიშნვა მოშიმშილე პატიმრისთვის მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში. მოშიმშილე უნდა იმყოფებოდეს დაწესებულების ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა გადიოდეს ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.
ამავე ინსტრუქციის მიხდევითვე, სამი დღე-ღამის ანმავლობაში საკვების მიუღებლობის შემთხვევაში, მოშიმშილე დაექვემდებარება საექიმო გასინჯვას მისი ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, რის შესახებაც ასევე აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში. თუ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში მოშიმშილის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, ადმინისტრაცია მოვალეა, აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ამის შესახებ აცნობოს დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტს, ასევე შესაბამის პროკურორს. მკურნალობის პროცესი წყდება შესაბამისი საჭიროებების ამოწურვის შემთხვევაში, რის თაობაზედაც დაწესებულების ექიმის მიერ მოშიმშილის სამედიცინო ბარათში, ასევე ჩაიწერება მოტივირებული დასკვნა.
შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებული მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პირად საქმეს.