ამიერიდან საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ონლაინრეჟიმით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ ბაიბურთმა განაცხადა.
ბაიბურთის განმარტებით, საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია, რომელიც იმპორტიორს ჩამეორთმევა, დღეისათვის სამ სპეციალიზებულ მაღაზიაში იყიდება, საიდანაც ფინანსთა სამინისტრომ სამი თვის განმავლობაში 140 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო. მაღაზიები ელიავას ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე და იაშვილის ქუჩაზეა განთავსებული.
საბაჟო წესების დამრღვევი იმპორტიორებისთვის ჩამორთმეული საქონლის სარეალიზაციო პირველი მაღაზია ლილოს ბაზრობასთან, სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სიში" ზაფხულში გაიხსნა, სადაც ძირითადად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიაში ძირითადად სამშენებლო მასალა იყიდება, ხოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში სამონადირეო აღჭურვილობის შეძენაა შესაძლებელი. სპეციალიზებულ მაზაღიაში განთავსებული საქონლის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს და იგი საბაზრო ფასთან მიახლოებულია.