ახალი მარკეტინგული კამპანიის განხორციელების შემდეგ ტურისტები კახეთის "აღმოჩენას" შეძლებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება. პროექტის ფარგლებში კახეთის პოპულარიზაცია და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა 100 მლნ. დოლარი უკვე გამოყო.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტს შიდა ტურიზმის განვითარება წარმოადგენს და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადმინისტრაცია მუშაობს კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტზე.
სიდამონიძის თქმით, პროექტი გულისხმობს, 2012 წლის განმავლობაში რიგი ღონისძიების განხორციელებას - რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას; რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვას.
პროექტის ფარგლებში რეგიონის ტურისტულ ბრენდინგს ბრიტანული კომპანია „Co.Startegy and Desing Limited" განახორცოელებს. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია: კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე შეიქმნა სლოგანი: Find Your Own Kakheti ანუ აღმოაჩინე შენი კახეთი.
კასხეთის პოპულარიზაციის ფარგლებში მომზადდა ასევე სპეციალური ვებ-გვერდი www.Kakheti.travel სადაც ნებისმერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად რეგიონზე, ასევე გაეცნოს განახლებულ ამბებს - მიმდინარე და დაგეგმილ მოვლენებზე. ასევე Facebook-ზე შეიქნმნა გვერდები: "აღმოაჩინე შენი კახეთი" და "ტურიზმი თელავში". მომზადდა ასევე კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი "ღვინის გზა".
2012 წლისთვის დაგეგმილია ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კულტურულ ძეგლებთან და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან. მოხდება ასევე ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია, საუბარია თელავზე, ყვარელზე და სოფელ დართლოზე.
"2012 წელი კახეთში ტურიზმის განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელს შეუწყობს იმას, რომ კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს. ყალიბდება ასევე კახეთის მარკეტინგული კონცეფცია , რომლის მიხედვითაც პოპულარიზაცია მოხდება რეგიონის როგორც ადგილობრივ ასევე შიდა ბაზრებზე. კახეთს აქვს ასევე დიდი რესურსი და პოტენციალი ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ ყურადღება გამახვილდეს კულტურულ, სათავგადასავლო და ღვინის ტურებზე",- აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კახეთის მიმართულებაზე კერძო ინვესტორების დაინტერესებაც იზრდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკუთარ გამოწვევად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს.
"2011 წელს საქართველოში 3 მლნ. ტურისტი შემოვიდა. აუცილებელია,რომ ეს ციფრი გაიზარდოს და საქართველოში მეტი ტურისტი შემოვიდეს და ტურიზმის სექტორში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. პირველ რიგში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. კახეთი უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში არის რიგით მესამე საინტერესო და სასაურველი ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ახალი ტურისტული პროდუქტები დავახვედროთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.