სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, მისი ფასი საბაზრო ღირებულების ნახევრით განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახმად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით.
გარდა ამისა, კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, ხოლო არაფულადი სახით გამოხატული მოთხოვნების შემთხვევაში - სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს.
ამასთან, სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.