"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცვლილებების 90%, რომელიც შევიდა ბოლო პერიოდში არა მარტო საარჩევნო კოდექსში, არამედ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, აბსოლუტურად იყო საარჩევნო გარემოს გაუარესებისაკენ მიმართული", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რეალურად, საარჩევნო გარემო საქართველოში არის გაცილებით უარესი, ვიდრე ეს იყო თუნდაც ერთი წლის წინ.
"ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალების და ლიდერების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენ წელიწადნახევარი და ორი წელი ილუზიებით გვკვებავდნენ, რომ თურმე საარჩევნო გარემო გაუმჯობესდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან. როცა მე ვამბობდი, რომ სააკაშვილი არაფერს დათმობს-მეთქი, მაშინ ჩვენ არაკონსტრუქციულებს და რადიკალებს გვეძახდნენ, მაგრამ დღეს რეალურად დადგა ფაქტი, როდესაც პრაქტიკულად არცერთი შეთანხმება არ შედგა. ხელისუფლებამ აბსოლუტურად დრაკონული კანონები მიიღო. ეს კანონები შეუძლებელს ხდიან საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პარტიების დაფინანსებას, საარჩევნო აგიტაციის და პროპაგანდის ჩატარებას. დღეს საარჩევნო გარემო არის გაცილებით უარესი ვიდრე ეს იყო თუნდაც ერთი ან ორი წლის წინ. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გარანტიას გვაძლევდნენ იმისას, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდებოდა", - განაცხადა ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ხედვა უნდა წარმოაჩინოს და რეალური ნაბიჯი უნდა გადადგას საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესებისკენ.
"ის წინადადება, რომელსაც ჩვენი პარტია გამოეხმაურა საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კუთხით, რადგან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი რეალური ხედვა უნდა წარმოაჩინოს და რეალური ნაბიჯები დაგვანახოს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ საარჩევნო გარემო რეალურად გაუმჯობესდეს და ვამბობდით იმასაც, რომ აქამდე არსებული საარჩევნო კოდექსი იძლეოდა რეალურად მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო გარემოს შესაძლებლობას, თუ იქნებოდა სხვა კომპონენტები, როგორიც არის თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და ა.შ.. ყველაზე მთავარი რაც არის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ამაზე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას ხმა არ ამოუღია, ისევე როგორც ხმა არ ამოუღიათ მათ იმ ათობით პოლიტპატიმარზე, რომელიც დღეს სააკაშვილის ციხეში იმყოფება. ელემენტალური სოლიდარობა არ გამოუჩენიათ საკუთარი მოსახლეობის მიმართ. მე არავითარი სოლიდარობა არ მჭირდება პირადად, მაგრამ მე ვლაპარაკობ სოლიდარობაზე, რომელიც იმ პოლიტიკურ პარტიებს უნდა გამოეხატათ, რომელსაც პრეტენზია აქვთ, რომ ყველაზე კონსტრუქციულები და ყველაზე დასავლური ფასეულობებზე ორიენტიერუბულები არიან", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.