საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართულ ფეხბურთს საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ დანიშნული კადრები მართავენ. როგორც მან "ალიასთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არის არა არჩეული, არამედ დანიშნული პრეზიდენტი.
"ფედერაციაში დღეს არის დანიშნული და არა არჩეული პრეზიდენტი. ეს იმ დროს, როცა ფეხბურთის ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, სადაც პრეზიდენტი ირჩევა ხმათა უმრავლესობით. ხელისუფლება უფრო შორის მიდის, ფეხბურთის პროფესიულ ცოდნასაც იჩემებს და ნაკრების მწვრთნელსაც თვითონ არჩევს. ამის მაგალითია ტოპმიოლერი, კუპერი და ქეცბაიაც. მაგრამ უარესი სხვა რამ არის. ჩემს წერილშიც ვამბობდი და ნება მიბოძეთ, აქაც გავიმეორო. დღესაც არსებობს საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი ვისაც ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის გრძნობა არ აქვს. პირიქით, თვლის, რომ ასეც უნდა იყოს, რომ ხელისუფლება უნდა "უფროსობდეს" და ამით უხერხულობას სულაც არ გრძნობენ. ჩემთვის ბევრ პატივსაცემ პირსაც საჯაროდ უთქვამს ამის შესახებ. იმავე ხალხს ხელისუფლებისა და ფედერაციის მომხრეებსაც და ოპოზიციაში მყოფებსაც კი - ხშირად უთქვამთ, ხელისუფლებამ უპრეცედენტო ინვესტიცია განახორციელა ფეხბურთშიო. სინამდვილეში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმე გვაქვს პიართან, "დაბოლებასთან", არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის მიჩქმალვასთან და ამაზე შედეგი, უფრო სწორად, უშედეგობა მეტყველებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შედეგი შემდეგია: "დიდი ინვესტიციების მაგივრად დიდი ვალები, ხელმოცარულ მწვრთნელებს გატანებული მილიონები, დანგრეული და ჩამორთმეული სტადიონების სანაცვლოდ შეკეთებული რამდენიმე სტადიონი და თვალებში ნაცრის შესაყრელად ერთი და იგივე საწვრთნელი ბაზრის რამდენჯერმე გახსნა".
"სანამ ქვეყანაში არ განთავისუფლდება ხელისუფლების მარწუხებისგან ყველა სფერო, ეს იქნება ფეხბურთი, კულტურა, თუ ეკონომიკა, და სანამ პროფესიონალები არ ჩადგებიან ამის სათავეში, მართლა სანამ არ გაჩნდება საქმის გაკეთების ნება, მანამდე სულ ასეთი სიტუაცია იქნება... ფეხბურთელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც ჰყავთ ახლოებლები, მეგობრები ვისაც შეუძლება საფრთხე ემუქრებოდეთ მათი განცხადების გამო... ამიტომ ვამბობ და არაერთხელ გავიმეორებ: ეს მხოლოდ ფეხბურთის პრობლემა არ არის, არა!.. ზუსტად ამიტომ, ეს ყველაფერი მაგონებს 30-იან წლებს. მართალია ამ პერიოდში არ მიცხოვრია, მაგრამ, რაც წამკითხავს, გამიგონია, მინახავს და მომისმენია, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში. აი, ახლა, მე შვეიცარიაში ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, აქაც არის პრობლემები, მაგრამ სამართალს აუცილებლად იპოვი , სიმართლე არ დაგეკარგება. აი, ზუსტად ესაა მთავარი განსხვავება ავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყანას შორის. საქართველოში ზუსტად ის პრობლემაა ერთ-ერთი მთავარი, რომ სამართალი არ არსებობს. ხალხს ეშინია, ვერაფერს ამბობს, იმიტომ, თუ ამის გამო რამე პრობლემა შეექმნათ, მათი დამცველია
არავინაა", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.