მარნეულში 59 უბანზე კომისიის წევრმა დეტექტორი მოიპარა, _ ამის შესახებ განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული კომისიის წევრი ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელია და მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო 59-ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია.
იგი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ რამდენიმე დარღვევას.
"იყო საუბარი რომ ფონიჭალის 29-ე და 30-ე უბნებზე მოქალაქეებს დაუხიეს ბიულეტენები თუ ისინი ხმას არ მიცემდნენ სააკაშვილს. ცესკომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და გადამოწმების პროცესში აღნიშნული დარღვევა არ დადასტურდა, _ განაცხადა ფორჩხიძემ.
მისი თქმით, არსებობს სიტყვიერი ბრალდებები, თუმცა კარგი იქნება ოფიციალურად დაფიქსირდეს ბრალდებები საჩივრის სახით.
"ყველა უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომელიც ნებისმიერ დარღვევას ასახავს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დარღვევისთვის იგი პასუხისგებაში იქნება მიცემული" - განაცხადა ფორჩხიძემ.