2011 წელს საქართველო 39 %-ით მეტმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოს 2 მლნ. 820 ათას 185 უცხოელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 39%-ით მეტია 2010 წლის მონაცემებზე, რადგანაც გასულ წელს საქართველოში 788 ათას 468 უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით თურქი ტურისტები სტუმრობდნენ და მათმა რაოდენობამ 2011 წელს 738 ათას 136 კაცი შეადგინა, რაც 38 %-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.
ტურისტული ნაკადის მხრივ, 2011 წელს ყველაზე დიდი ზრდაა ირანელი (182%), ყაზახი (121%) და ჩინელი (139%) ტურისტების რაოდენობის მხრივ.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. მათი საშუალო მატების ტემპი 43%-ია.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის ნაწილების მიხედვით ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) ჩამოვიდა (63%). მას მოყვებოდა ევროპისა (32%) და სამხრეთ აზიის რეგიონი (2%). რეკორდული მატება აღინიშნება სამხრეთ აზიის რეგიონიდან +138%, რაც ირანელი ვიზიტორების რაოდენობით არის განპირობებული.
"დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური საქართველოში აგვისტოში ჩამოვიდა - 355 924, თუმცა პროცენტული მატებით გამორჩეული თვე ივნისი იყო + 49%-ით. რაოდენობის მხრივ ასევე გამორჩეული თვეები იყო ივლისი და დეკემბერი.
კვარტალებს შორის ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური III კვარტალში ჩამოვიდა 960 307 და 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პროცენტული ზრდის მიხედვით გამორჩეული იყო II კვარტალი 48%-იანი ზრდით. რაოდენობის მიხედვით ასევე გამორჩეული იყო მეოთხე კვარტალი, რაც დეკემბერის ბოლოს მოგზაურების რაოდენობის მომატებით იყო განპირობებული"- აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.
ტრანსპორტის სახეების მიხედვით ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური - 2 მლნ. 380 ათას 760 საქართველოში საგზაო ტრანსპორტის გამოყენებით შემოვიდა, რაც 42%-ით მეტია 2010 წლის მონაცემებზე, ანუ ნაკადი 703 ათას 356 უცხოელი მოგზაურით გაიზარდა. საგზაო ტრანსპორტის მგზავრებს ბაზარზე 84-%-იანი წილი უკავიათ, მათ მოყვებიან საჰაერო ტრანსპორტის მგზავრები 12%-იანი წილით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 19 სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. მათ შორის არის 3 საერთაშორისო აეროპორტი, 3 პორტი, 2 სარკინიგზო და 11 საგზაო სასაზღვრო პუნქტი. 2011 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოგზაური სარფის გავლით ჩამოვიდა. რეკორდულად მოიმატა მოგზაურების რაოდენობამ ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე და 176 878 მოგზაური შეადგინა, რაც 332%-ით მეტია გასული წლის მონაცემზე.