1-ელ თებერვლამდე ძველი მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატების სრული ჩანაცვლება განხორციელდება. როგორც შემოსავლების სამსახურის 2011 წლის ანგარიშშია ნათქვამი, 2 აგვისტოდან 28 დეკემბრამდე პერიოდში რეგისტრირებულია 79 ათას 737 სალარო აპარატი, დაახლოებით 10 000 - მდე სალარო აპარატი კი დასარეგისტრირებელი დარჩა.
იმავდროულად, 5 493 აპარატი გაიცა უსასყიდლოდ (მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე). როგორც ცნობილია, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატები უფასოდ გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, GPRS სისტემის საკონტროლო - სალარო აპარატებს სერვის ცენტრები დასვენების დღეებშიც გასცემდენ. სპეციალურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, უკვე დარეგისტრირდა 80 000 GPRS სისტემის სალარო აპარატი.
პროექტის მიხედვით, ძველი აპარატების ახლით ჩანაცვლების პროცესი 1 იანვარს უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე კიდევ დასარეგისტრირებელია, დაახლოებით 10 000 სალარო აპარატი. ამიტომ, მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ახალი სალარო აპარატების რეგისტრაცია გადავადდეს ერთი თვით. შესაბამისად, ძველი სალარო აპარატების ახლით ჩანაცვლების პროცესმა გადაიწია 2012 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2012 წლის 1 თებერვლამდე.
GPRS სისტემის საკონტროლო - სალარო აპარატის დარიგების პროცესი 2 აგვისტოს დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გადამხდელთა ერთი ნაწილი, საერთოდ გათავისუფლებულია სალარო აპარატების ქონის ვალდებულებისგან. საქმე ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს.
მეწარმეთა დიდ ნაწილს კი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ახალი აპარატები უსასყიდლოდ ურიგდებათ. GPRS სალარო აპარატები უფასოა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებისთვის.
შეღავათებით სარგებლობენ სხვა გადამხდელებიც, GPRS სისტემის საკონტროლო - სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია. ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს ბანკის განვადებით და შეიძინოს სალარო აპარატი. განვადება უპროცენტოა და თანხის გადახდა ნაწილდება 12 თვეზე.