უახლოეს პერიოდში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჰაერო ტვირთებისათვის ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონა გაიხსნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.
გვინდაძის განმარტებით, ახალი "გეზი" საჰაერო ტვირთებისათვის გაფორმებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
როგორც ცნობილია ქვეყანაში ამ დროისათვის სამი "გეზი" ფუნქციონირებს, რომლებიც თბილისში, ფოთსა და ბათუმშია განლაგებული.
"გეზში" სტანდარტული პროცედურა - საშუალოდ 15 წუთია, წითელი დერეფნის შემთხვევაში - საშუალოდ 45 წუთი, მწვანე დერეფნის შემთხვევაში - საშუალოდ 5 წუთი (საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია და გაფორმების რპოცედურები).
"გეზში" შესაძლებელია ერთდროულიად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ტვირთის გაფორმებისას, იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერისა და დეკლარატის დაქირავება.
შესაძლებელია იმპორტიორმა დაისვენოს იმ დროს, სანამ მისი ტვირთი გადის გაფორმების პროცედურას. იმპორტიორის სრული ინფორმირება ხდება ერთ ფანჯარასთან, რითაც იგი ზოგავს დროსა და ენერგიას. იმპორტიორს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით. გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია 5-დღიანი გადავადებით. ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა აქ რამდენიმე წუთში სრულდება.
გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნა ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ბიზნესისთვის.