2009 წლის დასაწყისიდან სეპარატისტული აფხაზეთი საქართველოსთან კავშირის საბოლოო გაწყვეტასა და რუსეთთან მეგობრობის გამყარებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
უახლოეს მომავალში აფხაზეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზ სეპარატისტთა პრეზიდენტთან არსებული მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი კრისტიან ბჟანია ადასტურებს. მისი თქმით, ამ პროექტზე მუშაობა სრული სვლით მიმდინარეობს.
ბჟანია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა მრავალი საკითხის გადაჭრის საშუალებას მისცემს სეპარატისტებს.
“გადაიჭრება საფოსტო-სატელეგრაფო კავშირის აღდგენის საკითხები, ასევე კავშირგაბმულობის საკითხი. გადაწყდება ასევე ტელერადიოკომუნიკაციის გავრცელების საკითხი”, _ აცხადებს ბჟანია.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული და აფხაზური მხარეები ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ, რომ აფხაზეთს ახალი სატელეფონო კოდი მიანიჭონ.
“ადრე ყველა საერთაშორისო სატელეფონო დაკავშირება აფხაზეთთან საქართველოს კოდით ხორციელდებოდა. ახლა კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფხაზეთი აპირებს საკუთარი კოდი შეიძინოს. ამასთან აფხაზეთის რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირება რუსეთიდან განხორციელდება და არა საქართველოდან”, _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები