"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებებში ლოგიკურობას ვერ ხედავს.
მისი შეფასებით, მაშინ როდესაც ბაღათურია ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გადაგდებაზე საუბრობს, სინამდვილეში მან საკუთარი თავი გადააგდო.
როგორც ვეფხვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების რიგგარეშე სხდომაზე განხილვისას აღნიშნა, "ჯონდიმ გააგდო საკუთარი თავი, რადგან დეპუტატების გაზრდის მოდელი, რომელიც პარლამენტში ინიცირებული იყო, სწორედ ჯონდისნაირი პარტიების წამახალისებელი იყო", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვიცე-სპიკერმა "ქართული დასის" ლიდერს აქვე შეახსენა, რომ იგი "სხვამაც გადააგდო", როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მას ხელიც კი არ ჩამოართვა.
"როდესაც ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო უმცირესობას ხელს უწვდის სათანამშრომლოდ, ჯობია მან ეს ხელები ივანიშვილისკენ გაიშვიროს და თუ ის მას ჩამოართმევს და ბაღათურია ამას მიაღწევს, მერე იქნება ლაპარაკის გაგრძელება შესაძლებელი", - აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც ცნობილია, დღევანდელო სხდომაზე ბაღათურიამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას ეხებოდა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო უმცირესობა "გადააგდო", მაშინ როდესაც უარი თქვა დეპუტატთა რაოდენობის 190 -მდე გაზრდაზე.