ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-18 რაუნდი 14 დეკემბერს ჟენევაში უნდა გაიმართოს. ოსი და აფხაზი სეპარატისტები უკვე აცხადებენ, რომ ჟენევაში საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას კვლავ მოითხოვენ.
ამას გარდა, მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ოსმა სეპარატისტებმა ჟენევის მოლაპარაკებებეში თავისი მონაწილეობა შეაჩერონ. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
ჩოჩიევის თქმით, არის ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი დისკუსიებში მონაწილებისაგან დროებით თავს შეიკავებს, - "მანამ ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და მანამ ვიდრე ქართული მხარე არ იქნება მზად სამხრეთ ოსეთს ძალის გამოუყენებლობის გარანტია მისცეს".
ამას გარდა, აფხაზური და ოსური მხარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე არც დევნილების საკითხის განხილვაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"საერთოდ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების მოსალოდნელ რაუნდზე დევნილების საკითხის განხილვას, სამაგიეროდ, მზად ვართ მთელი რიგი სხვა, მაგალითად ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვაში მონაწილეობისათვის", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებზე დააყენებს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების საკითხს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არიან დაკავებულნი და მათთან დამოუკიდებელ ექსპერტებს მისვლის საშუალებას არ აქვთ. "ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად დავაყენებთ", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავარი მიზანი "საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა".
"თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი მიზანია. მისკენ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მივდივართ. თუმცა აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემის ხასიათის გათვალიწინებით, ძნელია იფიქრო, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის გარღვევა იქნება", _ განაცხადა ჩირიკბამ.
თუმცა მისივე თქმით, აფხაზეთი მზად არის იმის განსახილველად რაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის გზაზე დევს.
"ეს ყველაზე მთავარი მიზანი და აზრია ჟენევის მოლაპარაკებებისა და სწორედ ამიტომაც ვმონაწილეობთ ჩვენ მათში", _ განაცხადა ჩირიკბამ.