გოეთეს ინსტიტუტში დღეიდან 6 გერმანული ფილმის ჩვენება დაიწყება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს დღეიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, გოეთეს ინსტიტუტი თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში „დამზადებულია გერმანიაში" წარუდგენს 6 ახალ ფილმს, რომელიც ყველა იმ თემას, სამუშაო ფორმატსა და ადგილს მოიცავს, რომელსაც თანამედროვე გერმანული კინემატოგრაფი ეხება.
"არგენტინიდან დაწყებული („სიმღერა, რომელიც მახსოვს"), ესტონეთის ბალტიურ-გერმანული წარსულის გავლით („პოლი") მოგზაურობა აფრიკაში („ძილის დაავადება") და საბოლოოდ, ყაზახეთის სტეპებამდე („ბაიკონური") ჩაგვიყვანს, სადაც ინტერკულტურული, რომანტიკული კომედიის მოვლენები საკმაოდ უჩვეულო გარემოში თამაშდება. ფილმში „ქალაქი შენს ქვევით" სასიყვარულო ისტორია ფინანსური ოლიგარქიის სამყაროში ვითარდება, ხოლო ფილმში „ვინ, თუ არა ჩვენ" გერმანული ტერორიზმის საწყისებია გაშუქებული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ინგა ნიკაგოსიანმა.
ფესტივალს ესტუმრებიან ახალგაზრდა რეჟისორები ფაიტ ჰელმერი („ბაიკონური") და ფლორიან კოსენი („სიმღერა, რომელიც მახსოვს"), და მსახიობი ლენა ლაუცემისი („ვინ, თუ არა ჩვენ"), რომლებიც თავად წარადგენენ ფილმებს.