მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეიდან შვედური ფილმების ჩვენება მოეწყობა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს კინოთეატრ ამირანში, მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა გაიცნოს შვედური თანამდეროვე კინოხელოვნება.
"შვედური პროგრამა "სიყვარულით შვედეთიდან" ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია. პროგრამა საქართველოში შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით მომზადდა. ფესტივალის განმავლობაში ცხრა შვედური ფილმი იქნება ნაჩვენები, შედგება მათი პრემიერა საქართველოში. სხვა ქვეყნებთან შედარებით შვედური პროგრამა ყველაზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის სტუმარი წარმოშობით ქართველი რეჟისორი შვედეთიდან ლევან აკინი იქნება, რომელიც თავის პროდიუსერ, ერიკა სტარკთან ერთად ჩამოდის. ის, დამატებითი ჩვენების სახით, მაყურებელს წარუდგენს თავის მოკლემეტრაჟიან სურათს „ბოლო ნივთები" (The Last Things), რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე პირველი ჯილდო მოიპოვა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრები იქნებიან შვედეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში დიანა იანსე, და ასევე ასტა რანტანენი. ღონისძიების ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე".
შვედური ფილმების ჩვენება ფესტივალის ფარგლებში 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.