თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი ჯიმ სტარკი დღეს კინოთეატრ "ამირანში", 17:00 საათზე, მასტერკლასს ჩაატარებს, თემაზე „პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში".
ცნობისთვის, მასტერკლასის დაწყებამდე,15:00 საათზე, "ამირანში" ნაჩვენები იქნება ფრიდრიკ თორ ფრიდრიკსონის ფილმი "ცივი ცხელება", რომლის პროდიუსერი და თანასცენარისტი ჯიმ სტარკია.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ სტარკის პროდიუსირებულ 22 ფილმს შორისაა რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ისეთი ცნობილი ფილმებიც, როგორებიცაა: "Mystery Train", "Down by Law", "Coffee and Cigarettes", "Night on Earth".
კინემატოგრაფიაში ჯიმ სტარკის პირველი ნამუშევრები ჯიმ ჯარმუშის სახელს უკავშირდება. იგი ჯარმუშს მცირებიუჯეტიანი ფილმის, „Stranger Than Paradise'-ის დაფინანსებაში, წარმოებასა და გაყიდვაში დაეხმარა. ამის შემდეგ ჯიმ სტარკი ჯარმუშის კიდევ სამი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერი იყო.
ჯიმ სტარკის 25-წლიანი საპროდიუსერო კარიერა მის ვრცელ ფილმოგრაფიაშია ასახული, რომელიც არაერთ წარმატებულ ფილმს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი, ბენტ ჰამერის „ფაქტოტუმი", რომელიც ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული, თბილისის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იყო წარმოდგენილი 2006 წელს.
ჯიმ სტარკის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მოახერხა.