კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები საქართველოს მაგალითზე სწავლობენ - ეს გადაწყვეტილება ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისის (NORLAG) და ევროკავშირის ექპერტებმა მიიღეს. 7 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" რეგიონული კონფერენცია გაიხსნა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციები, პროკურორები და ამ ქვეყნებში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე - ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები.
კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მთავარი პროკურორი.
"`ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ანტიკორუფციულ კონფერენციას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შედეგებით, ვამაყობთ იმით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2010 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" თანახმად საქართველო არის #1 ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. განათლებისა და მართმსაჯულების სისტემების რეფორმა, საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა, ეს ის საქმიანობის მცირე ჩამონათვალია, რომელმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გავაანალიზოთ ის გზა, რაც საქართველომ გაიარა, გავუზიაროთ თითოეულ თქვენთაგანს ის გამოცდილება, რაც ამ კუთხით დაგვიგროვდა", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დევიდ დევილერსი, ავსტრიის ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენელი პროკურორი მაიკლ შონი.
სტუმრებისათვის პრეზენტაცია საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ისტორიის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უფროსმა ო. კახიძემ წარმოადგინა. საკუთარი ქვეყნების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა.
ანტიკორუფციული კონფერენცია სამ დღეს გასტანს. სამუშაო შეხვედრები ხვალ დილიდან გაგრძელდება, საკუთარ პრეზენტაციებს მოლდოვეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის დელეგაციები წარმოადგენენ. ქართულ გამოცდილებაზე კი მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ.