კინოთეატრ „ამირანის" მცირე დარბაზში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი დღეს 21:00 საათზე ჟურნალისტებს და დამსწრე საზოგადოებას შეხვდება.
შეხვედრა კარაქსისთან მისი ფილმის „ცუდი სისხლის" შემდეგ შედგება.
ცნობისთვის, ფრანგი კინორეჟისორი, კრიტიკოსი და სცენარისტი ლეო კარაქსის ფილმები პოეტური სტილით და სიყვარულის თავისებური აღქმით გამოირჩევა. ლეო კარაქსი რეჟისორის ფსევდონიმია და მისი ნამდვილი სახელის ანაგრამას წარმოადგენს (Alex Oscar - Leos Carax).
კინოკარიერა კარაქსმა რეცენზიების წერით დაიწყო. ამ პერიოდშივე გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1984 წელს ლეო კარაქსმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ბიჭი ხვდება გოგოს" გადაღებისას დაიწყო თანამშრომლობა იმ დროს უმუშევარ მსახიობთან, დენი ლავანთან, რომელიც მისი ალტერ-ეგო გახდა და ყველა მის მომდევნო ფილმში მიიღო მონაწილეობა.
კარაქსმა მეორე ნამუშევარი „ცუდი სისხლი" ახალი ტალღის რეჟისორებს, კერძოდ ჟან-ლუკ გოდარს მიუძღვნა. ამ ფილმმა მაყურებლების ნაწილი აღაშფოთა, სამაგიეროდ, განამტკიცა რეჟისორის რეპუტაცია, რომელსაც თანამედროვე სამყაროში სიყვარულის მრავალი უცნობი მხარის აღმოჩენა შეუძლია.
კარაქსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „ბიჭი ხვდება გოგოს" (1984), „ცუდი სისხლი" (1986), „შეყვარებულები ხიდზე" (1991), „პოლა იქსი" (1999).
წელს კარაქსი თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. ცნობილი ფრანგი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივაში წარმოგენილია სამი ფილმი.
ღონისძიების ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე".