თბილისის მე-12 საერთშორისო კინოფესტივალი დღეს ალექსანდრ სოკუროვის ფილმი "ფაუსტის" ჩვენებით გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ფესტივალის პრესამსახურიდან აცნობეს, ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან - ესტონეთი, რუსეთი, იტალიია, საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთი, ისრაელი და სხვა. კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი ფილმი.
კინოფესტივალი 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კინოფესტივალი მაყურებელს ტრადიციულად უახლესი ევროპული, ამერიკული და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებას შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ დახურვაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე მინდაძის ფილმი "შაბათ დღეს" (რუსეთი/გერმანია/უკრაინა).
5 დღის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვათა ნამუშევრები, თავად შეხვდეს და გაესაუბროს კინოფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს. აგრეთვე, პროდიუსერებისთვის მოეწყობა მასტერკლასები.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (TIFF) საქართველოში კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" 2000 წელს დააარსა.