2003 წლის რეფერენდუმის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არც ერთ ინსტანციას არ დაუყენებია. ამის შესახებ ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 190 გაზრდას შეეხება.
კაკაბაძის ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარებას 2003 წელს გიგა ბოკერია, "თავისუფლების ინსტიტუტი" და ედუარდ შევარდნაძე ეწინააღმდეგობოდნენ.
"ბოკერიას მოვუწოდებდით დაესასაბუთებინა რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგი რატომ იყო. მან საწინააღმდეგო მიზეზი, რომ ვერ დაგვისახელა თქვა, რომ ახალი ხელისუფლება მოვა და ამას რეფერენდუმის გარეშე გააკეთებსო. მაშინ, ბოკერია რაზე საუბრობდა ვერ მივხვდი. უნდა ითქვას, რომ 235 დეპუტატის შემცირების წინააღმდეგი შევარდნაძეც იყო~, - აღნიშნა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, 2003 წლის 2 ნოემბერს, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, თუმცა, რეფერენდუმის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არც ერთ ინსტანციაზე არ დამდგარა.
კაკაბაძის შეფასებით, მისთვის გაურკვეველია ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოდ რა საფუძვლით მიიჩნევს.
"რეფერენდუმის უკანონოდ ჩატარებაზე საუბრობენ, თუმცა, სჯობს თქვან, რომელი კანონი დაირღვა. რაიმე არასწორად, რომ ყოფილიყო რეფერენდუმს მაშინვე არავინ ჩაატარებდა. საზოგადოების ნების წინააღმდეგ მიდიან, რადგან მოსახლეობას დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა არ სურს. რეფერენდუმის შედეგების შეცვლა კი, ისევ რეფერენდუმს შეუძლია", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.