"ქართველი რეჟისორებისგან განსხვავებით როშინ მაკბრინი კონკრეტულად მაყურებელზე მუშაობს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა ნინო მაყაშვილმა.
"ბრიტანელი რეჟისორი, როშინ მაკბრინთან რუსთაველის თეატრის სცენაზე დაახლოებით ერთი თვე ვმუშაობ. ძალიან საინტერესო რეჟისორია, მან ზუსტად იცის რა უნდა და კონკრეტულად მაყურებელზე მუშაობს. ერთხელ მითხრა ემოციას კი ნუ თამაშობ გადმომიშალე ფაქტები. ბევრ ქართველ რეჟისორთან მიმუშავია, მათაც იციან რა უნდათ, მაგრამ დიდი განსხვავებაა მათ შორის. ველოდები პრემიერას, მაინტერესებს როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი", - განაცხადა მაყავშილმა.
რეჟისორი როშინ მაკბრინი რუსთაველის თეატრის ექსპერტიმენტულ სცენაზე დგამს მსოფლიოში ცნობილი შოტლანდიელი დრამატურგის, დეივიდ გრეგის პიესას "ყვითელ მთვარეს", სადაც 5 ქართველი მსახიობი მონაწილეობს.
როგორც თეატრის ადმინიტრატორმა ნესტან მიქაძემ განაცხადა, სპექტაკლი რუსთაველისა და ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრებს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში ეწყობა.
"ჩვენი თეატრი ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრთან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც ხდება რეჟისორების გაცვლა. ამჯერად ჩვენთან როშინ მაკბრინი იმყოფება, რომლის სპექტაკლსაც ქართველი მაყურებელი ძალიან მალე იხილავს", - აღნიშნა მიქაძემ.
სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი, ნინო მაყაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და დავით დარჩია.
სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრის ექპერიმენტულ დარბაზში 6 დეკემბერსაა დაგეგმილი.