ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექში გამართული რიგით მეცხრე საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ქართული ჯგუფი "Candy" გახდა. ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა.
ჯგუფი "Candy"-ის წევრების ასაკი 10-იდან 15 წლამდეა. ხუთივე გოგონა მომღერალია: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი.
"რატომღაც გადავწყვიტე, წელს კვინტეტი მდგარიყო "ევროვიზიის" საბავშვო სცენაზე. შევკრიბე 5 გოგონა. მათ აქვთ აბსოლუტური სმენა. სიმღერა Candy Music დისკო სტილში შევქმენი. თემა ძალიან ბავშვურია და ტკბილეულთან ასოცირდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გიგა კუხიანიძემ.
საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსზე მეორე ადგილი ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა დაიკავა, მესამეზე კი ბელორუსელი ლიდია ზაბლოცკაია გავიდა.
საბავშვო "ევროვიზიაში" 13 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიას ჰოლანდია უმასპინძლებს.