თავისუფალ თეატრში ფილმ "ისპაჰან ბათუმის" პრემიერას მსახიობები არ დაესწრნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფილმის რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა განუცხადა ფილმის ჩვენება მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაიმართა. თავისუფალლ თეატრში მხოლოდ ფილმის ერთი მონაწილე აპოლონ კუბლაშვილი ვიპოვეთ, რომელმაც კოლეგების არ მოსვლა "გადაუდებელ საქმიან შეხვედრებს" დაუკავშირა.
"ზოგს ჩაწერა აქვს, ზოგს ის, ზოგს ეს... რაც შეეხება გადაღების პროცესს მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არ არის საინტერესო გადაღება, იმიტომ რომ ამას დიდი შრომა ჭირდება. სიცხეა თუ სიცივეა ეს კამერაში არ უნდა აისახოს. ამას დიდი შრომა ჭირდება. საერთო ჯამში მემგონი კარგი ფილმია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა აპოლონ კუბლაშვილმა.
ფილმი ქართულ-ირანულია, სადაც ქართველ მსახობებთან ერთად 5 ირანელი მსახიობი თამაშობს. მთავარი როლის შემსრულებელი მასუდ ჯაფარი და თამუნა ნიკოლაძეა.
"ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კინოგაქირავებამ, რასაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს უბრალოდ ჟურნალისტებისთვის ჩვენება იყო. რაც შეეხება პრემიერას ის არ შედგება, უბრალოდ ერთდროულად ყველა კინოთეატრში დაიწყება. რაც შეეხება ფილმს, მასზე 40 დღე ვმუშაობდი. ჯერ ირანში ვიღებდი, მერე აქ და გაიწელა დრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქართული ფილმი გავა სხვა ქვეყნის კინოგაქირავებაში. ეს იყო საშუალება რომ გავსულიყავით და ჩვენი ქვეყანა გაგვეცნო სხვებისთვის, ასე რომ ეს გზა ძალიან სწორი იყო", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ვარსიმაშვილმა.
ფილმის სცენრატით ირანელი მასუდი ინტერნეტის მეშვეობით ქართველ თამუნას გაიცნობს და მის სანახავად საქართველოში ჩამოდის.
გოგა ბარბაქაძე, თამუნა ნიკოლაძე, გიორგი მარშანია, სალომე ჭულუხიძე, კახა მიქიაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე და ა.შ. ეს იმ მსახიობების ჩამონათვალია, რომლებიც ფილმ "ისპაჰან ბათუმში" იღებენ მონაწილეობას, თუმცა მათგან არცერთი ჩვენებაზე არ იმყოფებოდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა კახა მიქიაშვილმა განუცხადა მან პრემიერის შესახებ არაფერი იცოდა.
"თქვენგან მესმის, რომ თეატრში ფილმის ჩვენება მოეწყო. ჩვენ შემოქმედებითმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, თუმცა ავთომ როგორც გვითხრა კიდევ იყო იქ რაღაც შესაცვლელი. ვერ გეტყვით, მთლიანობაში როგორი გამოვიდა იმიტომ რომ ავთომ რაღაცეები ამოიღო და რაღაცეები დაამატა კიდეც. ალბათ, აჯობებდა ჩვენთვისაც ეთქვა, თუმცა მე არც პროდუსერი ვარ და არც რეჟისორი. ასე მათ გადაწყვიტეს", - განაცხადა მიქიაშვილმა.
ფილმში ქართველ და ირანელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობას მოლდოვური კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მიხაელა სტრომბეანუ, რომელმაც თავის დროზე თეატრალური განათლება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მიიღო, მიხაელა აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მსახიობის ლევან აბაშიძის მეუღლე იყო.
ფილმი "ისპაჰან ბათუმი" საქართველოს კინოთეატრებში 1 დეკემბერს გამოდის, ირანის რესპუბლიკის კინოგაქირავებაში კი ფილმი 2012 წლის მარტში გამოვა.