დღეს, 30 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება "ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი" - სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და 20-წუთიანი კონცერტი ჯაზმენების, თამაზ ყურაშვილისა და ზურა რამიშვილის შესრულებით. პრეზენტაციას სახელმძღვანელოს ავტორი მერაბ ოძელაშვილი, რეცენზენტი ივანე ჟღენტი, ჯაზის მოყვარულები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
სახელმძღვანელო წარმოადგენს მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულ თეორიულ კვლევას, რომელიც ეყრდნობა ჯაზის თეორიის მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. წიგნში განიხილება ჯაზის ჰარმონიის თეორიული ასპექტები, ფორმისა და იმპროვიზაციის საკითხები. დიდი ადგილი ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, დავალებებს, რითაც საგრძნობლად ადვილდება მასალის აღქმა. სახელმძღვანელოში თარგმნილი და განმარტებულია სპეციფიკური თეორიული ტერმინები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მუსიკალური ტერმინოლოგიის დახვეწისთვის.
წიგნში მოცემული თეორიული და პრაქტიკული მასალის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ჯაზური მუსიკის შესრულების, იმპროვიზაციის, არანჟირებისა და კომპოზიციის პროფესიული ჩვევების ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო გათვლილია ფართო სპექტრზე, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ მუსიკოსებზე, ასევე მოყვარულებზედაც. სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნას სწავლების ყველა ეტაპზე (სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, კოლეჯებში, სამუსიკო სემინარიაში, კონსერვატორიაში), როგორც პედაგოგის ხელმძღვანელობით ჯგუფური მეცადინეობის დროს, აგრეთვე დამოუკიდებელი მუშაობისას.
ჯაზის თეორიული პრობლემებისადმი მიძღვნილი მსგავსი მასშტაბისა და პრობლემატიკის ნაშრომი ქართულ სამუსიკისმცოდნეო სივრცეში არ მოგვეპოვება. ქართულ ენაზე ჯაზისადმი მიძღვნილი მწირი ლიტერატურიდან ცნობილია მხოლოდ 2005 წელს გამოცემული ი. ებრალიძის მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო - "ჯაზის თეორია და ჰარმონია".