6-11 დეკემბერს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს ტრადიციულად შესთავაზებს უახლესი ევროპული, ამერიკული და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებას კინოთეატრ "ამირანში".
ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ესტონეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.
5 დღის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, ფრენსის ფორდ კოპოლას, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვათა ნამუშევრები, თავად შეხვდეს და გაესაუბროს კინოფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს. მოეწყობა აგრეთვე მასტერკლასები პროდიუსერებისთვის.
2 დეკემბერს დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები.
ღონისძიების ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე".
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, შვედეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები საქართველოში, ეროვნული კინოცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი თბილისში. აგრეთვე სასტუმროები "თბილისი მარიოტი" და "ციტადინი"; კომპანიები - "თბილღვინო",Outdoor.ge, DHL; ჟურნალი "ცხელი შოკოლადი".