ვახტანგ მაჭავარიანი სახელმწიფო ორკესტრთან ერთად პირველ რეპეტიციას დღეს გაივლის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდ "იავნანას" საზოგადოების ურთიერთობის მენეჯერმა, თეო ჯორბენაძემ განუცხადა, დირიჟორი აეროპორტიდან პირდაპირ რეპეტიციაზე მივა.
"ვახტანგ მაჭავარიანი ამსტერდამიდან მოფრინავს. ის პირდაპირ აეროპორტიდან წავა მუსიკალურ ცენტრში, სადაც პირველ რეპეტიციას გამართავს ორკესტრთან, რომლის ხელმძღვანელია ნიკა მემანიშვილი. რაც შეეხება ლექსო თორაძეს, მას 10 წელია საქართველოში კონცერტი არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე ის ძალიან მობილიზებულია. დღევანდელი რეპეტიციის შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი რეპეტიციაც", - განაცხადა ჯორბენაძემ.
ცნობისთვის, ლექსო თორაძე 29 და 30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილსის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს. ფონოდ "იავნანას" ეგიდით ჩატარებულ საღამოს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტან მაჭავარიანი უდირიჟორებს.
კონცერტი საქველმოქმედოა და ამ დღეს განსაკუთრებით ელოდება 9-შვილიანი ოჯახი, რომელთაც სახლის გასაღები გადაეცემათ.
პროექტი ხორციედება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
შესრულდება დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები.