"ათონელის თეატრში" საკმაოდ მაღალი დონის სპექტაკლებია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა.
"ათონელის თეატრში" ძალიან კარგ სპექტაკლებს შორის ქეთი დოლიძის რეჟისურით "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანოც" არის, რომელშიც მეგობრებთან ერთად ვთამაშობ. ამ სპექტაკლით ხსნის თეატრი სეზონს და იქ მისული ადამიანი ნამდვილად ისიამოვნებს. თეატრი ხომ სანახობაა, მიუხედავად იმისა, რომ მასში შეიძლება იყოს დღევანდელი მტკივნეული საკითები, თეატრი მაინც ზეიმია", - განაცხადა ფაჩუაშვილმა.
"თეატრი ათონელზე" სეზონს 4 დეკემბერს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გახსნის. სპექტაკლში - "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" - ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე თამაშობენ.
როგორც თეატრის ადმინისტრატორმა, ნატო მჭედლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სეზონის გახსნა სარემონტო სამუშაოს გამო გადაიდო.
"სეზონს ასე გვიან იმიტომ ვხსნით, რომ თავდაპირველად კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ, შემდეგ კი ტექნიკურ საქმეს მივხედეთ და 6 პროჟექტორი დავაყენეთ, რის გამოც ყველა სპექტაკლის განათება იცვლება. ეს დროსთან არის დაკავშირებული. სეზონს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გავხსნით და ამ სეზონზე ახალი განათებით 4 წარმოდგენას ვაჩვენებთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მჭედლიშვილმა.
გიორგი ათონელის ქუჩაზე თეატრი, სახელწოდებით "თეატრი ათონელზე", 2004 წელს შეიქმნა.