"თეატრი ათონელზე" სეზონს 4 დეკემბერს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გახსნის. სპექტაკლში - "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" - ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე თამაშობენ.
როგორც თეატრის ადმინისტრატორმა, ნატო მჭედლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სეზონის გახსნა სარემონტო სამუშაოს გამო გადაიდო.
"სეზონს ასე გვიან იმიტომ ვხსნით, რომ თავდაპირველად კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ, შემდეგ კი ტექნიკურ საქმეს მივხედეთ და 6 პროჟექტორი დავაყენეთ, რის გამოც ყველა სპექტაკლის განათება იცვლება. ეს დროსთან არის დაკავშირებული. სეზონს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გავხსნით და ამ სეზონზე ახალი განათებით 4 წარმოდგენას ვაჩვენებთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მჭედლიშვილმა.
გიორგი ათონელის ქუჩაზე თეატრი, სახელწოდებით - "თეატრი ათონელზე" 2004 წელს შეიქმნა.