„ხანუმას" როლში ნანი ბრეგვაძე ლელა წურწუმიამ შეცვალა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" წურწუმიას პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა განუცხადა ამასთან დაკავშირებით „ქეთო და კოტეს" დამდგმელმა რეჟისორმა, დათო დოიაშვილმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, სპექტაკლამდე 2 დღით ადრე შეატყობინეს.
„ეს მოულოდნელი იყო. დაგვირეკეს და ლელას „ხანუმას" როლი დოიმ და ნიკა მემანიშვილმა შესთავაზა. გუშინ უკვე ითამაშა და მგონი კარგად გამოუვიდა. კიდევ რამდენიმე სპექტაკლია დაგეგმილი", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მამულაშვილმა.
ნანი ბრეგვაძის მიუზიკლიდან წასვლის მიზეზად მომღერლის რუსეთში გასტროლები სახელდება, თუმცა როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის გახდა ცნობილი მიუზიკლის ხარვეზებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული ბრეგვაძე სპექტაკლში აღარ დაბრუდნეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" თბილისურმა პრემიერამ ტექნიკური ხარვეზებით ჩაიარა. გენერალური რეპეტიცია წარმოდგენამდე ერთი საათით ადრე დაიწყო. დასრულების შემდეგ კი „ლევანის" როლის შემსრულებელმა ლადო ათანელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ ეს იყო მისი ბოლო წარმოდგენა, რომელსაც "ქეთო და კოტეში" ითამაშა.
"მე ჩემი საქმეები მაქვს. ეს იყო ბოლო ჩემი მონაწილეობა ამ მიუზიკლში. ახლა, ჩემ საქმეებს უნდა მივხედო", - აღნიშნა ათანელმა.
ჯერ კიდევ ათანელის წასვლის შემდეგ გაგვრცელდა ინფორმაცია ნანი ბრეგვაძის მიუზიკლიდან წასვლის შესახებ. როგორც მომღერალმა თბილისური პრემიერის შემდეგ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ტექნიკური პრობლემები და ექსტრემალური სიტუაციები მასზე ძალიან მოქმედებდა.
"რეპეტიცია ფაქტიურად ვერ გავიარეთ, რატომღაც ისე მოხდა, რომ ერთი საათით ადრე შევიკრიბეთ და უცბად შევკარით ყველაფერი. რამაც გამოიწვია, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა, ხმა გამეთიშა და კიდევ ბევრი სხვა წვრილმანები მოხდა, რაც ყველაფერი ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნანი ბრეგვაძემ.