სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს 4.55 მილიონი ევროს ოდენობის მესამე ტრანში გამოუყო. საქართველოში სახელმწიფო ფინანსების სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ სფეროს რეფორმირება უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ფინანსების ეფექტური და გამჭვირვალე განაწილებისათვის, რაც სიღარიბის აღმოფხვრას უწყობს ხელს.
იმ 15 მილიონი ევროდან, რომელიც ევროკავშირმა სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2007-2010 წლებისთვის გამოუყო, 2009 წლის მიწურულს 4.55 მილიონი ევროს ოდენობის მესამე ტრანში გადმოირიცხა. ყოველი ტრანშის გადმორიცხვა დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ წინასწარ შეთანხმებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური აღრიცხვა, სახაზინო რეფორმა, გაუმჯობესებული შიდა და გარე აუდიტის მექანიზმები, სახელმწიფო შესყიდვები და საშემოსავლო სამსახურის გაძლიერება.
2007 წლის დეკემბერში ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების შესაბამისად, 2009 წლის მიწურულს ევროკავშირმა საქართველოს ბიუჯეტს 4.55 მილიონი ევროს მოცულობის მესამე ტრანში გამოუყო. ამ შეთანხმების მიხედვით 2007-2010 წლებში გამოყოფილი დახმარება 15 მილიონ ევროს შეადგენს; დამატებით 1 მილიონი ევროა გათვალისწინებული დამატებითი ტექნიკური დახმარებისთვის. მთელი ეს დახმარება მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმების განმტკიცებას.
4.55 მილიონი ევროს ოდენობის მესამე ტრანში გადმოირიცხა, რადგან, შეფასების საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ საქართველომ ძირითადად დააკმაყოფილა პირობები რეფორმების ყველა მიმართულებით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას სახელმწიფო ფინანსების მართვის დაგეგმვის და მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გარე აუდიტის, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემების, შიდა აუდიტის და სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესების ჩათვლით.
ევროკავშირი მიესალმება სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესში ბევრი მიმართულებით მიღწეულ წარმატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო ფინანსების მართვის განახლებული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების შემუშავება, ძლიერი და უფრო ეფექტური თანამშრომლობა და კოორდინაცია დონორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხელისუფლების მზადყოფნა იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.
სექტორული საბიუჯეტო დახმარება სახელმწიფო ფინანსების რეფორმის ხელშეწყობის ახალი ფორმაა საქართველოში. იგი მოითხოვს ხელისუფლების მიერ წინასწარ დადგენილი პირობების (ზოგადის და კონკრეტულის)დაკმაყოფილებას, იმისთვის, რომ მოხდეს თანხების გამოყოფა. ევროკავშირი ყოველწლიურად აფასებს მიღწეულ შედეგებს და გამოყოფს ტრანშს, რომლის ოდენობა დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შესაბამისია.
ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი პირობები შეეხება სახელმწიფო ფინანსების სისტემას და მოიცავს ფინანსების მართვას, ბიუჯეტის შედგენას, ფინანსურ აღრიცხვას, სახაზინო რეფორმას, გაუმჯობესებულ შიდა და გარე აუდიტის მექანიზმებს, სახელმწიფო შესყიდვებს და საშემოსავლო სამსახურის გაძლიერებას. ამ ინსტიტუტებში სტრატეგიის, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების კოორდინაცია და სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორების მონაწილეობა რეფორმების განხორციელებაში, ამ პროგრამის მნიშვნელოვანი შედეგია.
2008 წლის თებერვალში პირველი 5 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის გამოყოფა იმის მანიშნებელი იყო, რომ ხელისუფლებამ შეასრულა პროგრამის საწყისი მოთხოვნები. მეორე ტრანში - 4 მილიონი ევრო - 2008 წლის დეკემბერში გადმოირიცხა.
საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადარიცხვის გარდა, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმას მიმდინარე პროექტებით ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გზით.