ქართული საბავშვო მწერლობის 37-ე ტომი, რომელშიც ნიკო ლორთქიფანიძის, გრიგოლ რობაქიძისა და ცისფერყანწელთა ნაწარმოებებია შესული, გამოუქვეყნებელი დამრჩა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გამომცემლობა "ნაკადულის" ხელმძღვანელმა, პოეტმა ანოზრ აბულაშვილმა.
ცნობისთვის, აბულაშვილი 6 ოქტომბერს გამომცემლობიდან საპენსიო ასაკის გამო გამოუშვეს. ის 3 მაისს 80 წლის ხდება, თუმცა, როგორც პოეტი აღნიშნავს, მასთან ერთად სხვა თანამშრომლებიც გაათავისუფლეს.
"ყველანი გამოგვიშვეს. ამჯერად გამომცემლობაში ორი თანამშრომელია, ბუღალტერი და დირექტორი. ამდენი ხალხის წინაშე ხომ არ იტყვიან ამას, მაგრამ ორმა კაცმა როგორ უნდა შეითავსოს ყველაფერი, ჩემთვის წარმოუდგენელია. ბოლოს "ნაკადულის" გუნდი 37-ე ტომზე ვმუშაობდით, სადაც უნდა შესულიყო ნიკო ლორთქიფანიძის, გრიგოლ რობაქიძის და ციფერყანწელების შესახებ მომზადებული ქართული მწერლობა", - აღნიშნა აბულაშვილმა.
აბულაშვილი გამომცემლობაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ორგანიზებით "საბავშვო ბიბლიოთეკის" სულ 17 ტომი გამოიცა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აბულაშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდში ფინანსების პრობლემა სულ არსებობდა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც მწერლის მემკვიდრეები უზარმაზარ თანხას სთხოვდნენ გამომცემლობას წიგნის დაბეჭდვაში.
"მწერლის გარდაცვალებიდან 70 წელი თუ არ არის გასული, არ შეიძლება, რამე დაბეჭდო ისე, რომ მის მემკვიდრეს ჰონორარი არ გადაუხადო. ეს კანონი უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებდა. ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის გიორგი ლეონიძის მემკვიდრეების მოთხოვნილი ჰონორარის გადახდა, ის 5 ათას ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ, კრიზისი დაგვეწყო, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც გალაკტიონის მემკვიდრემ, ნოდარ ტაბიძემ, ფული საერთოდ არ აიღო. გალაკტიონი ჩემი ბოლო ნამუშევარი იყო, ის "ქართული მწერლობის" 36-ე ტომშია შესული", - განაცხადა აბულაშვილმა.
"ნაკადული" - ქართული სპეციალიზებული საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობა - 1938 წელს თბილისში "საბლიტგამის" სახელწოდებით დაარსდა. 1960 წლიდან ეწოდება "ნაკადული". გამოსცემდა ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, უცხოური ლიტერატურის შედევრებს. მისი სერიული გამოცემებია: "იყო და არა იყო რა", "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები", "მშვენიერების სამყაროში", "ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი", "ქართველები დიდ სამამულო ომში" და სხვა. ასევე ბიბლიოთეკები: "ქართული პოეზია", "პიონერი", "ქართული საყმაწვილო ლიტერატურა" და პერიოდული ალმანახები: "ჩვენი კოცონი", "ფრესკა", "ჯეჯილი", "ცოდნის კარი".